
კლასი Xა

საგანი: XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ალბერტ კამიუს რომანის „უცხო“-სა და ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“-ს შესახებ.

სამუშაოს ფარგლებში მათ გააანალიზეს თითოეული ტექსტის შინაარსობრივი და იდეური მხარეები, რის შემდეგაც შეადარეს ერთმანეთს აღნიშნული ნაწარმოებები.


პრეზენტაციებში ყურადღება გამახვილდა ორივე ტექსტისთვის დამახასიათებელ საერთო თემებზე, როგორიცაა ადამიანის გაუცხოება საზოგადოებაში, ინდივიდის მარტოობა, არსებობის აბსურდულობა და პიროვნებისა და სოციალური გარემოს კონფლიქტი.


მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კამიუსა და კაფკას გმირები განსხვავებულ რეალობებში მოქმედებენ, თუმცა ორივე მათგანი აღმოჩნდება გარემოსგან გარიყულ მდგომარეობაში და ვერ ახერხებენ სრულფასოვან კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

განსხვავებების განხილვისას მოსწავლეებმა გამოყვეს ტექსტების ჟანრობრივი და სტილისტური თავისებურებები. აღინიშნა, რომ „უცხო“ ეფუძნება რეალისტურ გარემოს და ფილოსოფიურ გააზრებას, ხოლო „მეტამორფოზა“ ფანტასტიკური ელემენტის მეშვეობით გადმოსცემს ადამიანის შინაგან ტრაგედიას.

ასევე გაანალიზდა მთავარი პერსონაჟების დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და მათ მიერ რეალობის აღქმის განსხვავებული ფორმები.

ცალკე ყურადღება დაეთმო სიმბოლოების ანალიზს. მოსწავლეებმა იმსჯელეს მზის, სიცხისა და სიცარიელის სიმბოლურ მნიშვნელობებზე კამიუს ტექსტში, ასევე გრეგორ ზამზას გარდაქმნის მნიშვნელობაზე კაფკას ნოველაში, როგორც ადამიანის გაუფასურებისა და დეჰუმანიზაციის სიმბოლოზე.

დასასრულს, პრეზენტაციებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტების სიღრმისეული გააზრება, კრიტიკული ანალიზი და ლიტერატურული პარალელების გამოვლენა,


რაც მიუთითებს მათ მიერ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებულ აღქმაზე.